რას ყვებიან ტყიბულში, შახტში დაღუპულის მამა და და

15:04 04-06-2018
348

ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ შახტში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესებულია, თუმცა ძლიერი სამთო დარტყმისგან არავინაა დაზღვეული. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

„ტყიბულის მოსახლეობის 90% ამ შახტშია დასაქმებული. უსაფრთხოების ნორმები დაცული არის, მაგრამ ხდება ხანდახან ასეთი მომენტები, როცა სამთო დარტყმა ხდება. მეც მიმუშავია და ვიცი“- განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა. 

როგორც პავლე გამეზარდაშვილის და, ინგა გამეზარდაშვილი ამბობს, მისი ძმა 15 წლიდან მუშაობს.

”დაზღვეული არავინ არის, არავინ იცის იქ რა მოხდება. სახლიდან გადის, მაგრამ იქ რა მოხდება, არავინ იცის”, - დასძინა დაღუპულის დამ. 

მინდელის შახტში ტრაგედია გუშინ დილით, გამთენიისას, 4 საათზე მოხდა. შედეგად 6  მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

ავტორი: