მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არ შეუშინდეთ თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს - ილია მეორე

00:36 04-08-2018
1075

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

"მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.

ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.

რა სიხარულია ეს?

ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.

სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.

სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)", - აღნიშნულია ეპისტოლეში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე