სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
"ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
“სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;
არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.
ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს…
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში", - აღნიშნულია ეპისტოლეში.