თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
"სიყვარულია,- რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
-ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ", - აღნიშნულია ეპისტოლეში.