ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური, -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
"ქრისტე, - მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!
სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური. შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, - მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს", - აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.