ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
"მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.
დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: `შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).
,,შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!", - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.