სუსი: საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება სურთ

12:29 04-10-2018
102

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მოქმედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე საუბრობს. სუსის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

„საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ. "ჰიბრიდული  ომის" პირობებში სასურველი  მიზნის  მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ  ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით“, - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ  სპეცსამსახურების   სადაზვერვო   საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" წარმოებაში.

"მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი  ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო   ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის  მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის  საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. 

ავტორი: