სუსი: საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა

12:46 04-10-2018
92

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

ლილუაშვილის განმარტებით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშია საუბარი, სადაც ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებს ცალკე თავი ეთმობა. 

სუსის ინფორმაციით, ახალგაზრდები უკვე უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ.

"იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ სირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისიში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა. სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი ე.წ. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მოგვიანებით გამოვლენილ იქნენ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონში, აღნიშნული პირების დაკავების მიზნით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულ იქნა 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად  გარდაიცვალა", - ნათქვამია სუსის ანგარიშში, რომელსაც ლილუაშვილი წარადგენს.

სუსის ინფორმაციით, ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში. 

ავტორი: