სუსმა გასულ წელს ტერორიზმის ბრალდებით გამოძიება ექვს საქმეზე დაიწყო

13:03 04-10-2018
83

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით გასულ წელს გამოძიება ექვს საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ სუსის 2017 წლის ანგარიშია საუბარი.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები" - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს.

"საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ იქნა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს ლილუაშვილმა წარუდგინა.

ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში ასევე აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. კერძოდ, დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ.

სუსის ინფორმაციით, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხეები.

„ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში შექმნილი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის უკონტროლო ვითარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს საკუთარი ოპერატიული, სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

ავტორი: