პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა წარუდგინა.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული და რადიაქტიული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე 2017 წელს ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა, ნივთმტკიცების სახით კი რადიოაქტიური ნივთიერება ამერიციუმ 241-ის შემცველი, ქარხნული წესით დამზადებული კვამლის დეტექტორი ამოიღო.
ლილუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას:
"სამსახური ასევე წარმატებით უზრუნველყოფდა სახელმწიფო საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკურ და პროგრამულ ფუნქციონირებას. აღნიშნული სისტემების განვითარების კუთხით, 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა „ეროვნული საკომუნიკაციო სისტემის“ განახლებული ვერსიის ექსპლუატაციაში გაშვება. აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპერაციული ზედამხედველობის, ტექნიკური მონიტორინგის და მონაცემთა დამუშავების უფრო ეფექტიან განხორციელებას", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საექსპერტო გამოცდილების გაზიარების მიზნით 2018 წელს საქართველო უმასპინძლებს ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საკითხებზე ფართომასშტაბიან სწავლებას „Lionshield“, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ათამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ანგარიშში ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტთან. ამასთანავე, სამსახური, ევროკავშირის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივის“ მთავარი პარტნიორია საქართველოში.