ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის აგვისტოს ომებში მონაწილე საბრძოლო შენაერთების მეთაურებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ, საბრძოლო შენაერთების მეთაურებისგან დაკარგული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების საფლავების ან მათი ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღება და გაცვლა. როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინატორმა, ლინა მილნერმა განაცხადა, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ღირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის, საკოორდინაციო მექანიზმების მონაწილეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებისთვის. ლინა მილნერმა მადლობა გადაუხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა ფლობდეს 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.
დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი პროდუქტიულად მიიჩნევს ასეთ შეხვედრებს. ამიტომაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეიკრიბება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.
„დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ვეტერანებთან. მანამდე ასეთი გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა არ გვქონია. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით. 27 წლის შემდეგ ჩვენ მებრძოლებს ქართულ მიწაზე ვაბრუნებთ, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ ბევრია.“- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, გოგი ფაცაცია.
კობა კობალაძის განცხადებით, მიუხედავად ჩატარებული ძალიან დიდი სამუშაოებისა ჯერ კიდევ არ არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ბევრი იმ ადგილის შესახებ, სადაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განსასვენებელია. სწორედ ამიტომაც არის ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი.
„როგორი სასტიკი და დაუნდობელი არ უნდა იყოს საბრძოლო მოქმედება, შემდეგ მოდის პროცესი სიმშვიდის და შერიგების და იმედის, რომ ურთიერთობა მტრობიდან მშვიდობიან თანაცხოვრებაში გადაიზრდება. როგორც ქართველი დედისთვის არის თავისი დაღუპული შვილის ნეშტი ძვირფასი ასევეა აფხაზი დედისთვისაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარეს დაღუპულთა საფლავების და ნეშტების მოსაძიებლად“- აღნიშნა კობა კობალაძემ.
„მოვუწოდებ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, მათ თანამებრძოლებს მოგვმართონ დევნილთა და განსახლების სამინისტროში თავიანთი დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ, ვინაიდან ნეშტის იდენტიფიცირებისას ცდომილება გამორიცხულია ძალიან მაღალი დონის ექსპერტიზის წყალობით. თავად 25 წლის შემდეგ დავიბრუნე ომში დაღუპული ჩემი 2 შვილის და 2 ძმის ნეშტი.“- აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა, ბელა ზალდასტანიშვილმა.
90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 400-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. 2010 წლის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს. მათგან 126 ამოცნობილი ნეშტი ოჯახებს უკვე გადაეცა. დანარჩენების ამოცნობის პროცესი დღემდე გრძელდება.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.