"1600 ლარს ხელფასს ვუხდიდი" - თამაზ ელიზბარაშვილი განმარტებას აკეთებს

17:55 04-12-2018
1629

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარაშვილმა "პრაიმტაიმთან" იმ ადამიანზე ისაუბრა, რომელიც ვიდეო კადრებში ჩანს და ვის გამოც მის მიმართ საქმე აღიძრა: 

"ის ადამიანი, ვინც ვიდეოში ჩანს, ჩემზე ოთხი წლით უმცროსია და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. სასმელისადმია მიდრეკილი. საავადმყოფოშიც მეწვა ორჯერ და კაფსულაც ჩავუდგი, მაგრამ არაფერი შველის. ხელს ვერ ვკრავ, დაიღუპება და სიცოცხელს ნაგვის ურნასთან დაასრულებს. ჩემს ერთ-ერთ საცხოვრისში ვაცხოვრებ ამ კაცს, მე ვაცმევ, მე ვაჭმევ, ყველა პირობა აქვს, 1600 ლარს ხელფასს ვუხდი, მხოლოდ იმას ვთხოვდი მორიგეობის დროს არ დაელია, მაინც დალია და ცხელ ხაზზე მისულმა თავისი საქმე ვერ გააკეთა. შემთხვევით მივედი იქ და რომ დავინახე გალეშილი მთვრალი, რატომ დალიეთქო ვკითხე, მან მიპასუხა როცა მინდა მაშინ დავლევო, სწორედ ამიტომ წავუთაქე თავში. ამაზე გადამიარა მთელმა საზოგადოებამ. სიკეთის კერა უნდა ჩაკლათ? მარტო ერთი კაცი ამდენ ბოროტებას ვეღარ ვუმკლავდები. მინდა ამ გაბოროტებული ხალხისგან  შორს დავიჭირო და მოვშორდე აქაურობას" - განუცხადა ელიზბარაშვილმა "პრაიმტაიმს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

ავტორი: