თეა წულუკიანი დანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას სთავაზობს

11:53 04-13-2018
123

დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დანიის იუსტიციის მინისტრ სორენ პოლსენს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი ევროპასთან საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლასაც შეეხო. თეა წულუკიანმა დანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიღება და უვიზო რეჟიმის შემოღება შესთავაზა:

„ჩვენ ვთავაზობთ დანიას, რომ გერმანიის, ისლანდიის მსგავსად საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყანად, სადაც მოქალაქეთა დევნა არ ხდება და მაღალი ხარისხით დაცულია გამოხატვისა თუ სხვა თავისუფლებები. ეს საჭიროა, რათა ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს დიდი მონაპოვარი და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, რისი ნაწილიც გახლავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრები მონაწილეობენ. მათ შორის: ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის მინისტრები არიან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორტს ზეეჰოფერი საქართველოს და სომხეთის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას აპირებს.

 

ავტორი: