ბევრ ადამიანს შიში იპყრობს, როდესაც პარასკევი 13 რიცხვს ემთხვევა. 13 რიცხვის მიმართ ცრურწმენა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის. ითვლება, რომ ამ დღეს კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა, საიდუმლო სერობას 13 მონაწილე ესწრებოდა, იუდას ღალატზე კი ახალი აღთქმის მე-13-ე თავშია მოთხრობილი.
უნდა გვეშინოდეს თუ არა ამ დღის და მოაქვს თუ არა 13 რიცხვის პარასკევს ნეგატიური ენერგეტიკა, ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ საჭიროა განწყობის შექმნა. ჩვენ თუ მისტიკაში შევედით და ძალიან დავძაბეთ სიტუაცია, ხალხს, რომლებიც ისედაც შეშინებულია და დაკომპლექსებულია, საერთოდ ცუდ დღეში ჩავაგდებთ. რიცხვი 13 ნუმეროლოგიის მიხედვით 4-ს წარმოადგენს (1+3). მაგალითად ჩინელები თვლიან, რომ 1+3 არის 4, ეს რიცხვი კი - სიკვდილის ნიშანია. ამიტომ, ჩინეთში 4 ნომრად ვერაფერს ვერ ნახავთ. მეოთხე სართულსაც კი ტოვებენ, თავის საცხოვრებელ ბინას 4 ნომერსაც არ აწერენ. იქ არის ესეთი დამოკიდებულება.
რთული რიცხვია 4, მაგრამ ამ ციფრს თავისი პრიორიტეტი აქვს. ეს რიცხვი მაშინ ხდება სასიკვდილო, როდესაც ადამიანი ზარმაცია, არაფრის გაკეთება არ უნდა 4-იანი ითხოვს ადამიანისგან, ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, წინდახედულობას და ნებისყოფას. რიცხვი 4 ზარმაც ადამიანებს სჯის, ამიტომ მათ ექმნებათ კომპლექსი. ზოგი ადამიანისთვის 13 რიცხვი არ არის ცუდი, პირიქით ძალიან კარგია.
პარასკევი სულაც არ არის ცუდი დღე, პარასკევს მართავს პლანეტა ვენერა - სიყვარულის, ხელოვნების, და ფულის მმართველი, აქედან გამომდინარე მთავარია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება. თუ თქვენ ამ თვისებებს ავლენთ და პოზიტიურად ხართ განწყობილი 13 რიცხვის მიმართ, ეს რიცხვი არაფერს არ დაგიშავებთ და პირიქით, შეიძლება სიყვარულიც მოგიტანოთ და ფულიც. მაგრამ თუ თქვენ დაპროგრამირებული ხართ ვიღაცის ან ვინმეს მიერ, რომ რიცხვი 13 საშინელებაა, მაშინ დიდი შანსია, რომ თქვენ გონებით, განწყობით მოიზიდოთ ის ენერგიები, რომელიც აქვს რიცხვ 13-ს და მაშინ ეს შეიძლება დამანგრეველიც გახდეს ზოგიერთი ადამიაისთვის. ამიტომ ბევრ ასპექტში ჩვენზეა დამოკიდებული, აქვს მას დადებითი მხარეებიც და უარყოფითიც“, - აღნიშნავს ასტროლოგი.
ავტორი: სესე კოპალეიშვილი