„პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის პროექტის -„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი საჭიროებს თვისობრივ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარება და გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ეს არის კანონშემოქმედება და ზედამხედველობა, კონტროლი და ჩვენ გვჭირდება თვისობრივი გაძლიერება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, კანონშემოქმედებითი ფუნქციების განსავითარებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების განვითარება.
ჩვენ მივიღეთ ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის, რომლითაც გაძლიერდა შესაბამისი მექანიზმები. პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. შესაბამისად, ჩვენ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის რეგლამენტზე, რომლითაც უნდა დაკონკრეტდეს ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები და შესაბამისი კონკრეტული ინსტრუმენტები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. „ამ ყველაფერში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მყარი თანადგომა. თანადგომა განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თანადგომა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ დღეს ოფიციალურად, არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც იქნება შეტანილი ამ პროცესში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი არის დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში, ცენტრალური რგოლი და შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ქმედითი იქნება, ზოგადად, დემოკრატიული სისტემა საქართველოში.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეფორმირების პროცესში პარლამენტის ჩართულობას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნული პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თუ რას მიაღწია საქართველომ ამ მიმართულებით. პარლამენტი აღნიშნული რეფორმების მხარდაჭერაში აქტიური გახდა და მინდა ხაზი გავუსვა პარლამენტის მზარდ როლს აღნიშნულ პროცესში და პირადად აღვნიშნავ პარლამენტის თავმჯდომარის წვლილს, რომელიც აღნიშნული პროცესების წარმმართველი ძალა გახლავთ.
ჩვენ ბევრი გავაკეთეთ საქართველოსთან ერთად საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ რეფორმას, რომელსაც სერიოზულად დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რესურსებით“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის მხარდაჭერას ზედამხედველობის გაძლიერებაში, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მათ შორის პოლიციის), და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა. პროექტის აქტივობები მოიცავს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას.