საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა "გირგვლიანის შესწრორებების" კანონპროექტზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სისტემური დანაშაულის პრევენციის მიზნით ცვლილებების კანონპროექტში შეტანა აუცილებელია:
„კანონპროექტის ამოცანაა, შევქმნათ ძალიან მყარი გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ამ ცვლილებებით, სამომავლოდ, მნიშვნელოვანწილად მოხდება სისტემური დანაშაულის პრევენცია. წესით, ასეთი სისტემური დანაშაული აღარ უნდა მოხდეს, მითუმეტეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თუმცა ჩვენ ვაზღვევთ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას იმ მავნე პრაქტიკისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით მოვახდენთ სისტემური დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს, "გირგვლიანის შესწორებებზე" ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს ინიციატივის დეტალებს წარუდგენს. ასევე, გაიმართება დისკუსია.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ორი ახალი მუხლი ემატება, რაც სისტემური დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და პროპორციული სასჯელის დაწესება, რადგან მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ არსებული კოდექსი არასაკმარისად მკაცრია.
მანამდე, მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ "ქართული ოცნება" იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცვას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის განამრტებით, სწორედ ამ ცვლილებებს ერქმევა სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები”.