საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება. მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში დაპირისპირება არ არსებობს, უბრალოდ ყველას ერთი აზრი ვერ ექნება:
„არ დაგიდასტურებთ, რომ დაპირისპირებაა უმრავლესობაში. ეს არის უფრო სხვადასხვა სპეკულაციური განცხადებები. მთავრობასა და პარლამენტის მმართველ გუნდს ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, მმართველ გუნდში და უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ამ ადამიანებს აქვთ თავისი პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება. შესაბამისად, ეს ის პროცესია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად აზრზე შეიძლება არ ვიყოთ. უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დასახული გეგმის შესასრულებლად”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამავდროულად, პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესები, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა. თუმცა, სანქციების კონკრეტიზაცია ჯერ არ მომხდარა.
პროცესები მას შემდეგ განვითარდა, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა.