პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ დეპუტატს თავისუფლად უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა ამა თუ იმ საკითხზე:
„ის, რომ ყველაფერი წესითა და რიგით უნდა მიდიოდეს, არავინ უარყოფს, თუმცა უმთავრესი ამოსავალი ის უნდა იყოს, რაც კონსტიტუციასა და რეგლამენტში წერია, რომ დეპუტატს თავისუფალი მანდატი გააჩნია და მას ვერავინ ვერასდროს დოგმით ვერ შეზღუდავს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გამოთქვას.
შესაძლებელია, ისეთი დოკუმენტი დაიდოს, რომელიც ყველას მოგვეწონება და სანამ წესები წარმოდგენილი არ არის, მანამდე კომენტარის გაკეთება ნაადრევია” – განაცხადა კვაჭანტირაძემ პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით უმრავლესობის შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.
„უმთავრესი ამოსავალი პრინციპი ის უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრს, როგორც თავისუფალი მანდატის მატარებელს და უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, კონსტიტუციით ფუნქციები აქვს მინიჭებული და ის თავის თავისუფალ მანდატში შეზღუდული არ უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება შეთანხმების საგანი გახდეს. შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ არანაირი დოკუმენტის მიღება საჭირო არ არის და ვიმსჯელოთ, რა არის ის, რაც ურთიერთობებში გვაბრკოლებს - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
დეპუტატის აზრით უმრავლესობის დაშლას საფრთხე არ ემუქრება:
არანაირ საშიშროებას არ ვხედავ, რომ უმრავლესობა დაიშლება და ან ეს ხელისუფლების სტაბილურობას შეაზანზარებს. არითმეტიკულადაც კი წარმოუდგენელია, რომ 116-კაციანი უმრავლესობა 76 დეპუტატამდე შემცირდეს. ვერ გეტყვით, გულში მიზნად ვინ ვის გაშვებას ისახავს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი აზრები არავის თავში არ არის” - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა. თუმცა, სანქციების კონკრეტიზაცია ჯერ არ მომხდარა.