კოალიციური ძალების დარტყმამ სირიის ქიმიური იარაღის პროგრამა გაანადგურა - პენტაგონი

18:59 04-14-2018
211

პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ სპეცოპერაციით სირიის ხელისუფლების ქიმიური იარაღის პროგრამას რამდენიმე წლით ბოლო მოეღო.

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.  

BBC-ის ცნობით, მოკავშირეების იერიში სირიაში რუსეთის პოზიციებს არ შეხებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ავიერიში დადებითად შეაფასა და "მისია შესრულებულად" გამოაცხადა.