გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია, რომელიც სირიაში სარაკეტო იერიშს გმობდა, არ მიიღო

22:21 04-14-2018
203
თეგები: გაერო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია, რომელიც სირიაში სარაკეტო იერიშს გმობდა და არაბული ქვეყნის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, არ მიიღო. 

უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით საგანგებოდ გაიმართა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ, რვა წევრი ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ოთხმა თავი შეიკავა. 

14 აპრილს, გამთენიისას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.