აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის სირიის საკითხის რეზოლუციის პროექტზე გაეროში ხვალ იმსჯელებენ

10:15 04-15-2018
90

აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. დოკუმენტში ვაშინგტონი, პარიზი და ლონდონი ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობენ და მასობრივი განადგურების იარაღით თავდასხმების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდიან. ინფორმაციას ფრნაგული მედია ავრცელებს.

რეზოლუციის პროექტი საფრანგეთმა მოამზადა. დოკუმენტში სირიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს. ასევე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების უზრუნველყოფას ითხოვენ.

რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ სირიის ხელისუფლება მშვიდობიან დიალოგში წინაპირობების გარეშე უნდა ჩაერთოს.

აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პროექტზე გაერო-ში ორშაბათს იმსჯელებენ.

ამასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია, რომელიც სირიაში სარაკეტო იერიშს გმობდა და არაბული ქვეყნის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, არ მიიღო. 

უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით საგანგებოდ გაიმართა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ, რვა წევრი ქვეყანა კი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო კიდევ ოთხმა თავი შეიკავა. 

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, გამთენიისას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

ავტორი: