შსს-მ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა, თუმცა ეს არ გახლავთ ქალებზე ძალადობის სრული სტატისტიკა. ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ძალადობის ფაქტის გახმაურებას ერიდება.
პრაიმტაიმმა თვალი გადაავლო ბოლო წლების გახმაურებულ ფაქტებს, როდესაც ქალზე ძალადობა მკვლელობით, კერძოდ კი ყელის გამოჭრით დასრულდა.
ბოლო გახმაურებული მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 2018 წლის 13 აპრილს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული თამარ გამრეკელაშვილი. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა. მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის ყოფილი მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში მეორე დღეს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ვეფხია ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით აქამდეც ემუქრებოდა.
2018 წლის 23 თებერვალს თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი ყელგამოჭრილი გამთენიისას იპოვეს. შს სამინისტრომ მკველობა იმავე დღეს გახსნა და განზრახ ჩადელილი მძიმე დანაშაულისთვის ნაცვლიშვილის მეგობარი ბიჭი დააკავა. ბრალდებული გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილია.
2017 წლის 16 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე, 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა. რობერტ ახალაიამ, თსუ-ს სტუდენტს ანა ხელაძეს დანით 8 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი აბაზანაში გამოიცვალა ტანსაცმელი, დანა ჩაიდო ზურგჩანთაში, ტელეფონის სიმ ბარათი გამოცვალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ფოთში ჩადენილი ქმედების გააზრების მიზნით წავიდა. საქალაქო სასამართლომ მას მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისათვის 18 წელი მიუსაჯა.
2017 წლის 28 ივნისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყაურმაში, 71 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით ყელი გამოჭრა. მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.
2017 წლის 8 მაისს ყაზბეგში 33 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლეს.ბრალდებული ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილის მეუღლეა. ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. მეზობლების ინფორმაციით ქმარმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა. შემთხვევა ყაზბეგში, სოფელ გარბანში მოხდა.
2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 43 წლის ნონა რომანაძე და მისი 3 წლის ქალიშვილი, მარიამ მამფორია. მკვლელმა ნონა რომინაძეს ყელი გამოჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა. დამნაშავე განსაკუთრებით სასტიკი აღმოჩნდა მცირეწლოვანის მიმართაც. მან 3 წლის ბავშვს იმავე დანით 16 ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ცხედარი დაწვა. მკვლელობიდან ხუთი თვის შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი. დანაშაულის მოტივად ყაჩაღობა დასახელდა. ხაბელაშვილს ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
2016 წლის 14 აპრილს ვარკეთილში, ქმარმა ცოლს ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საღამოს კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობენ. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
2015 წლის 25 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
2015 წლის 2 სექტემბერს აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ქალის გადარჩენას ცდილობდა, დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ მოხდა. გარდაცვლილს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა მარკეტში მოხდა. როგორც ცნობილია, ჩხუბს ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ მკვლელობა ანგარიშწორების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.
2014 წლის 18 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში 73 წლის ქმარმა 68 წლის ცოლს ყელი გამოჭრა. სოფლის რწმუნებულის სპარტაკ ჯიქურაშვილის ინფორმაციით, მკვლელობის შესახებ მეზობლებს მოკლულის მეუღლემ თავად მოუყვა. შემთხვევის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდებული დაკავებულია.