საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საჭიროა ცვლილებები მოხდეს და მომავალში ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს იმ ტიპის შეღავათები, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის მიმართ:
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად იყო გამოყენებული სამართლებრივი შეღავათები ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, ამას არ იმსახურებდა. რა თქმა უნდა, ჯერ მას ბრალდებულის სტატუსი აქვს და სასამართლო პროცესი წინ არის, თუმცა თუ გუნდში იქნება მსჯელობა, რომ მომავალში ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს იმ ტიპის შეღავათები, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა, აუცილებლად მხარს დავუჭერ. პირადად მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შიგნით ამაზე დისკუსიის ინიცირება უნდა მოხდეს" - აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 25 წლის გოგო საკუთარი შვილების თანდასწრებით გამოასალმეს სიცოცხლეს. ბრალდებული დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველად ბაქრაძე 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი გაასამართლეს, რაც „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას“ გულისხმობს. 2015 წელს კი ვეფხვია ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელის ვადა გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ახლახანს, შშს-ს ინფორმაციით ამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე ბრიფინგს ხვალ გამართავს.