ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი განცხადებას დღეს გააკეთებს

09:24 04-16-2018
119

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი დღეს, 15:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.

როგორც პრაიმტაიმს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განუცხადა, ბრიფინგს გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 25 წლის გოგო საკუთარი შვილების თანდასწრებით გამოასალმეს სიცოცხლეს. ბრალდებული დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველად ბაქრაძე 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი გაასამართლეს, რაც „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას“ გულისხმობს. 2015 წელს კი ვეფხვია ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელის ვადა გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

მკვლელობამდე დაახლოებით ორი საათით ადრე ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახლახანს, შშს-ს ინფორმაციით ამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე