რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში ?

10:00 04-16-2018
472

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარნოვის ქუჩაზე ყელგამოჭრილი ახალგაზრდა მცირეწლოვანი შვილების დედის მკვლელობაში ბრალდებული პირი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა, ძნელი სათქმელია, რამდენად აქვს მას უფლება, დარჩეს პოლიტიკაში და საპრეზიდენტო მარათონზე ავიდეს. თუმცა, რინგზე მისი ხილვა ძირითადად იმ გაკოტრებულ პარტიებს სურთ, ვისთვისაც მარგველაშვილი გადარჩენის ერთადერთი გზაა – მას მხარს რაიმე ღირებულებისთვის ან დემოკრატიისთვის კი არ უჭერენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად გადარჩნენ. სამწუხაროა, რომ ამ მოჯადოებულ წრეში პირველად „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩადგა. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია თითქმის პარალიზებულია. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ის თავის დღის წესრიგს ვერ ადგენს. ამიტომაც იგივე ლიდერთა საბჭო, რომელიც პარლამენტსგარეთ დარჩენილების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, უმოქმედოდაა. ერთიან კანდიდატურასთან დაკავშირებით ნათელაშვილსა და ბურჯანაძეს შორის მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. ჯერ ისიც უცნობია, დათმობა იქნება თუ საბჭოც დაიშლება მარტივ მამრავლებად.

საპარლამენტო ოპოზიციაშიც სერიოზული კრიზისია. ჯერ მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ეყოლება. 
რაც შეეხება ერთ დროს ყველაზე ძლიერ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავთ. ეს პირველი შემთხვევაა ნაციონალების არსებობის ისტორიაში, როცა ისინი გრძნობენ, რომ საკუთარი ძალებით ბრძოლას წააგებენ. მათ შემთხვევაში წაგება ნიშნავს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სტატუსის დაკარგვას. ამიტომაც ნაციონალებს ჯერ გიორგი ვაშაძის იმედი ჰქონდათ, ახლა გიორგი მარგველაშვილზე ოცნებობენ.  

გიორგი მარგველაშვილსაც აინტერესებს, რა ქნას. თუმცა, ისიც სხვაზე აკეთებს სწორებას – საქართველოს პრეზიდენტს აინტერესებს, ვის დააყენებს „ქართული ოცნება“ კანდიდატად. ამ ინფორმაციას კი, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ გრიფი „საიდუმლო“ ადევს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარტიაში ჯერ უბრალოდ არ არიან ჩამოყალიბებული საერთო კანდიდატურაზე. 
ასე რომ, არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი. ოპოზიცია მარგველაშვილს ელოდება, მარგველაშვილი – „ქართულ ოცნებას“. 

პრეზიდენტი ჯერ კიდევ ფიქრობს. 
ადრე პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ამომრჩევლებს ფიქრისა და დისკუსიისთვის უფრო მეტი დრო უნდა ჰქონოდათ, ამიტომაც, მაგალითად, იგივე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე აპრილში გამოაცხადა. თუმცა, ახლა, როცა ჯერი მის პირად არჩევანზე მიდგა, ზოგადი ფრაზების გარდა, არაფერს ამბობს. 

 2016 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი 2016 წლის 5 აპრილს დაასახელა, თუმცა, გამოცხადებით ივნისში გამოაცხადა; თვითმმართველობის არჩევნები კი – 2017 წელს აგვისტოში. 
იურისტი და ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული პრეზიდენტის გამოცხადებაზე:
– პრეზიდენტზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. როგორც კი საარჩევნო წელი დგება, შეზღუდვები მაშინვე უნდა ამოქმედდეს, მთელი წლის განმავლობაში უნდა მოწმდებოდეს, რომ ადმინისტრაციული სახსრების გახარჯვა არ მოხდეს... ახლა მხოლოდ პრეზიდენტის მიერ თარიღის გამოცხადების შემდეგ იწყებს შეზღუდვები ამოქმედებას, ეს კი არასწორია.  

მანამდე კი ელექტორატს აინტერესებს, ვინ ავა, ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო რინგზე, მათ შორის, ვისზე ჩამოვა ფსონს სახელისუფლო პარტია. 
„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ერთგვარი წინასწარი კონსულტაციებია დაწყებული ჩვენს გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე, აუცილებლად დავასახელებთ კანდიდატს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ზოგიერთები ამბობენ, რომ მარგველაშვილი ელოდება, ჩვენ [ოპოზიცია] როდის დავეცემით მუხლებზე და შევევედრებით, გახდით ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატიო, მაგრამ საეჭვოა, ჩვენ მათ შორის აღმოვჩნდეთ.
სამაგიეროდ, ერთ-ერთი პირველი მერცხალი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მან უცხოეთიდან ვიდეოსელფით ოპოზიციას გაერთიანებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. 
სააკაშვილმა ოპოზიციას ჯერ პრაიმერისის გზით გაერთიანება შესთავაზა, შემდეგ კი ისიც თქვა, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თავად ემზადება.

პირველად განაცხადა:
„ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის – პრაიმერისის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და უნდა ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია – აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით“.

პრაიმერისში, ვარაუდობდნენ, რომ გიორგი ვაშაძეს უნდა გაემარჯვა. მის კანდიდატურას განიხილავდნენ როგორც ლიდერთა საბჭოში, ისე ნაციონალებშიც. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე სწორედ იმ პოროშენკოს მრჩეველია უკრაინაში, ვისაც სააკაშვილი ოლიგარქს, პუტინის მონას, კორუმპირებულსა და ქვეყნის დამაქცევარს უწოდებს. 

თუმცა, პრაიმერისი ვერ შედგა და ეს მოგვიანებით თავის განცხადებაში ახლების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამაც დაადასტურა. ასევე, მოგვიანებით, სააკაშვილიც იძულებული გახდა, ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა შეეცვალა და ისიც თქვა, რომ ბრუნდება:  
 „მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით“.

ახლა სააკაშვილი ოპოზიციას [პრაიმერისის გარეშე, ეს სიტყვა აღარ უხსენებია] გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ლიტერატურაში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ნაციონალებმა პოლიტიკაში მიაგნეს იმას, ვინც ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში იწვა და თავის დროს ელოდა.

ახლები იყვნენ პირველები, ვინც გიორგი მარგველაშვილს ღია მესიჯი გაუგზავნეს: ოპოზიცია მზად არის შენს გარშემო შემოიკრიბოსო
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. საქართველოში, სამწუხაროდ, პრაიმერისი, ერთიან პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება არ გამოდის და არც გამოსულა არასდროს. კანდიდატი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იქნება ბევრად უფრო მისაღები. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილი თავიდან აირჩიეს, როგორც „ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ შემდეგ მან შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ბევრ საკითხში გვიჩვენა სერიოზული პრინციპულობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანს ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. ჯერჯერობით, ჩემი ვარაუდით, და მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი არ არის ჩამოყალიბებული, აპირებს თუ არა კენჭისყრას, მაგრამ, თუ ის კენჭს იყრის, კარგი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. სხვა რესურსი ზეპარტიული კანდიდატის არის, ალბათ, არასამთავრობო სექტორში. მთავარია, რომ ადამიანს, რომელიც შესაძლოა, პრეზიდენტი გახდეს, ჰქონდეს ელემენტარული გამოცდილება და პოლიტიკური ცოდნა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ძირითადი სპექტრი ოპოზიციური პარტიებისა, მათ შორის – საპარლამენტო“, – განაცხადა ნაჭყებიამ. 

ამ განცხადებას ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაც მოჰყვა. ნინო გოგუაძემაც მარგველაშვილს მიმართა:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არ დაიპყროს, რადგან დემოკრატია არ არის ყველა ინსტიტუტზე მონოპოლია. ისედაც ზედმეტი კონცენტრაცია აქვს ძალაუფლების და ეს ბოლო თავისუფალი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს „ოცნების“. გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც ერთადერთმა შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა, მისი ღირებულებები და პრინციპებისადმი ერთგულება ყოველთვის ემთხვეოდა „თავისუფალი დემოკრატების“ პრინციპებსა და ღირებულებებს. ის ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლია და რაც მთავარია, იყო ძალიან კარგი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც ყველას პრეზიდენტი იყო და არა რომელიმე ერთი პარტიის, რასაც ასე საყვედურობდა „ქართული ოცნება“ მას. თუ ბატონი პრეზიდენტი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, „თავისუფალი დემოკრატები“ მას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გოგუაძემ. 

თავად ნაციონალებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ „ოპერაციის“ უკან სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი დგას:
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარი, მათ სურთ გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ, ბუნებრივია, ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ, რომ გააფორმონ ეს ყველაფერი, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა და ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოჰყვა, ასევე, მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ვნახოთ, დაველოდოთ, საინტერესოა, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ის ხიდი, რომელიც სააკაშვილს საქართველოში დააბრუნებს. 
უმრავლესობა ცდილობს, ელექტორატი დაარწმუნოს, რომ საარჩევნო რინგზე მას კონკურენტი არ ეყოლება. დარწმუნების მეთოდები კარგად ცნობილი და აპრობირებულია. ჩვენ მათ კომპრომატებს ვეძახით, ხელისუფლება ყოველთვის შეცდომებსა და გადაცდომებს უწოდებდა.

„გეტყვით, რომ ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე კანდიდატს რაიმე კონკურენციას გაუწევს. გიორგი მარგველაშვილმა, ჩემი აზრით, ჯერ პასუხი საზოგადოების იმ კითხვას უნდა გასცეს, რომელიც 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანის შეწყალებას შეეხება. გიორგი მარგველაშვილი კითხვას იმიტომ არიდებს თავს, რომ ამ საქმეში ყველაფერი მთლად სუფთად არ არის, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა. პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის მმართველია, საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს. შეწყალების ერთადერთი მიზანია ის, რომ შემწყალებელმა მიიჩნია, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი აღარ იყო. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შემთხვევაში ქორიძემ ორმაგი და სამმაგი დანაშაული ჩაიდინა. პასუხი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ძალიან არასერიოზულია“, – აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვანო ზარდიაშვილი.

იურისტ ვალერი გელბახიანის განმარტებით, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს დისკრეციის უფლება და მასთან დავა სრული სისულელეა. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს რომელიც ზარდიაშვილმა მოიყვანა, გელბახიანის განმარტებით: ქვეყანაში ჩადებების პრაქტიკაა და შესაბამისად, პრეზიდენტს შეიძლება ჩაეთვალა რომ ის პირი უდანაშაულო იყო:
– დიახ, ახლა მე მაქვს ერთი საქმე და სრულიად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ ნარკოტიკებთან კავშირს. უდანაშაულოდ ზის და ამის შესახებ მივწერე კიდევ შეწყალების კომისიას...
– შეიწყალეს ბატონო ვალერი?
– არა,
– საქმეც ეს არის, პრეზიდენტმა შეიწყალა საკუთარი ოჯახის წევრი, მაგრამ პირი, ვისაც თქვენ უდანაშაულოს უწოდებთ, პრეზიდენტის ოჯახის წევრი არ არის, ამიტომაც გამოდის, რომ ის ვერც ახერხებს ციხიდან გამოსვლას...
– ეს კომისიის ბრალია, შეწყალების კომისიაში უვიცები სხედან და თავი მამები და პაპები ჰგონიათ... ეს არის ყველაზე დახურული და გასაიდუმლოებული ორგანო, რაც კი ოდესმე მინახავს. ვითხოვე, საკითხზე მსჯელობას დამასწარით-მეთქი და ვერ მივაღწიე ვერაფერს...
– პრეზიდენტის ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო, ხომ მიაღწევდა?
– პრეზიდენტმა შეიძლება არც იცის...
თემას რომ დავუბრუნდეთ, ვალერი გელბახიანიც მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი ერთადერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კანდიდატია.  თუმცა, მეორე მხრივ ოპოზიციაში ერთმნიშვნელოვანი მიდგომა მარგველაშვილისადმი არ არის. რეალურად ხომ ოპოზიციაში მხოლოდ რამდენიმე პარტიაა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, ლეიბორისტები, პატრიოტები და ბურჯანაძის პარტია. დანარჩენებს პარტიას ან პროდასავლურებს რატომ უწოდებენ, სრულიად გაუგებარია. რატომ არის პარტია, მაგალითად, იგივე ახლები? სოციალური კვლევების მიხედვით, ეს პარტია დიდი ხანია მოკვდა? ან რატომ არის ბაჩუკი ქარდავა თავისი ედპ-თი პროდასავლური ღირებულებების? ის ბურჯანაძესაც ევაჭრებოდა ფულზე და შემდეგ საერთოდ მეფის იდეას მიემხრო. ეს მაშინ, როცა ბაგრატიონების ქორწინება იყო და მათი ძე საქართველოს მომავალ მეფედ გამოაცხადეს. ასე რომ, ასეთი საეჭვო გარიგებებში ასეთ გაუგებარ პატრიოტებთან ერთად ნაციონალებს შორს გაფრენის შანსი არ აქვთ.