ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის წასვლის შემდეგ, ზუსტად ვერავინ ამბობს, როდის დაინიშნება რიგით მეცხრე ელჩი.
ტრამპის ადმინისტრაციის ელჩებისადმი დამოკიდებულების გამო ზუსტი პროგნოზის გაკეთება თბილისში ყველას უჭირს. საქმე ის გახლავთ, რომ საკუთარი ინაუგურაციის შემდეგ პირველი, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ბარაკ ობამას მიერ დანიშნული დიპლომატების მყისიერი გამოწვევაა (ეს ბრძანება არ შეეხო მხოლოდ კარიერულ დიპლომატებს).
ამერიკას 188 დიპლომატიური თანამდებობიდან 169 უცხოურ ქვეყნებზე მოდის, 19 – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ამ ცხრამეტიდან 10 პოზიცია ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის ამერიკას ელჩი ჯერ არ ჰყავს ევროკავშირსა და გაეროში.
თებერვლის ბოლოსთვის ტრამპმა 61 ქვეყანაში დანიშნა ელჩი, თუმცა, კონგრესს ჯერ ყველა დამტკიცებული არ ჰყავს. ოფიციალური მონაცემებით, 32 ქვეყანა ჯერ კიდევ ელჩის გარეშეა დარჩენილი. ამ რიცხვს უკვე საქართველოც დაემატა.
კიდევ 6 ქვეყანასთან – სირია, ვენესუელა, სუდანი, ერიტრეა, ბელორუსია და ბოლივია – ამერიკას ამ ეტაპზე პოლიტიკური ურთიერთობები არ აქვს – ელჩებს იქ არც ნიშნავენ.
როგორც შენიშნავენ, ტრამპი პირველი იყო, ვინც ტრადიციები დაარღვია და ოფისის დაკავების შემდეგ ობამას მიერ დანიშნული დიპლომატები დაუყოვნებლივ უკან გამოიწვია. როგორც წესი, ახალი პრეზიდენტები დროს აძლევენ პოლიტიკურად დანიშნულ ელჩებს თუნდაც იმისთვის, რომ მათ შვილების ამერიკის სკოლებში გადმოყვანის საშუალება ჰქონდეთ.
ისტორიკოსმა დავით გამცემლიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში შენიშნა, რომ ახალი ელჩის დანიშვნამდე ელჩის მოვალეობას სხვა შეასრულებს:
– საერთაშორისო დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, ელჩის დანიშვნა-არდანიშვნა ორმხრივ ურთიერთობებში მხოლოდ იმ შემთხვევაშია არსებითი, თუ ეს არის დიპლომატიური დემარში: მაგალითად, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელმძღვანელებმა რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააჟღერეს უკრაინის მისამართით – მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმის გამო, კიევი ორი წლის განმავლობაში არ ნიშნავდა ახალ ელჩს თბილისში. ამერიკასთან ურთიერთობები, საბედნიეროდ, ამგვარ სტადიაზე არ არის და ელჩის არყოფნა, დიპლომატიურ ენაზე თუ ვიტყვით, წმინდად ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული. ანუ იმ ძლიერი „პერტურბაციებით“, რაც ვაშინგტონში ხდება. არსობრივად კი, ანუ საქმის თვალსაზრისით, ელჩის მოვალეობას დროებით რომელიმე სხვა ამერიკელი დიპლომატი შეასრულებს და ამით ამერიკის საელჩოს განცხადებები ან ნაბიჯები ნაკლებად მნიშვნელოვანი არ გახდება.