როგორ დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში

11:31 04-16-2018
639
თეგები: სირიაომი

კრიზისის გამომწვევი მიზეზი სათავეს წინა პრეზიდენტის ხაფეზა ასადის დროიდან იღებს. 1960 წელს მან გადაწყვიტა, ხორბლის მოსავალი მნიშვნელოვნად გაეზარდა ქვეყანაში, რათა სირიას საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა და რეზერვებიც შეექმნა. 

ამიტომაც 1970 წლიდან ხორბლის მოსავალი სულ უფრო და უფრო მეტ მისის ფართობზე ითესებოდა. ამისთვის კი ტყის ფონდსაც იყენებდნენ. რაც შეეხება სარწყავ წყალს, საჭირო წყლის თითქმის ნახევარს მდინარე ევფრატიდან და ჭებიდან იღებდნენ. მალე ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია და ხორბლის მოსავლის დარეზერვებაც დაიწყო. თუმცა, ამ პროგრამამ საბოლოოდ მაინც კრახი განიცადა. 

ამ პროგრამის ამოქმედებიდან უკვე 20 წელში გრუნტის წყების დონემ მკვეთრად იკლო, ჭებში წყლის დაბინძურებაც დაიწყო, რიგ შემთხვევებში კი უფრო მარილიანი გახდა. სირიაში წყლის ნაკლებობამ ეკონომიკასა და მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაარტყა. ფერმერებმა სოფლებიდან ქალაქებისკენ დაიწყეს მიგრაცია. ხელისუფლება კი ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევდა. მოსახლეობა მას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.  

ახლო აღმოსავლეთში წყლის მომარაგების თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა. ის ქვეყნები, ვისაც მდინარეებში გაუმართლა, დიდ დამბებს აშენებენ წყლის დასარეზერვებლად, ასევე, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. 

1970 წელს სირიის ტერიტორიაზე მდინარე ევფრატზე ასადის სახელობის წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაიწყო. 1980 წელს კი თურქეთმა მდინარე ევფრატზე ათათურქის სახელობის წყლის რეზერვუარი ააგო. ეს რიგით 22-ე, მაგრამ ერთ-ერთი მსხვილი რეზერვუარი იყო მდინარე ტიგროსსა და ევფრატზე. ეს მდინარეები სათავეს სწორედ თურქეთში იღებენ და სირიასა და ერაყის გავლით სპარსეთის ყურეში ჩაედინებიან. ამის შემდეგ ძალიან მალე სირია ვეღარ იღებდა ევფრატიდან საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარსაც კი. მდინარის დონე სულ უფრო დაბლა იწევდა. პარალელურად პირატულ რეჟიმში გარკვეული პირები წყლის ჭაბურღილებს თვითნებურად ბურღავდნენ. ამან კი წყლის რეზერვებს დაარტყა და წყლის კრიზისი გააღრმავა. 

ამ ყველაფერს გვალვებიც დაერთო, განსაკუთრებით 2008 წელს და სამი წლის განმავლობაში პიკს მიაღწია. სირიას ხორბლის იმპორტის დაწყება მოუწია. ხელისუფლება კი ფერმერებს არ ეხმარებოდა. 

2006-11 წლებში სირიის 60% უპრეცედენტო გვალვებს განიცდიდა. ზოგიერთ რეგიონში გვალვამ მოსავლის 75% გაანადგურა, მესაქონლეობის კი – 85%. ამან 1,3 მილიონ ადამიანზე იმოქმედა. ჯერ კიდევ 2009 წელს, გაეროს მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა არსებობისთვის აუცილებელი წყარო დაკარგა. გაეროს მონაცემებითვე, 2010 წელს შიმშილობის პირას უკვე მილიონი ადამიანი იდგა.

რა გასაკვირია, რომ ამას სოციალური აფეთქებები მოჰყვა. 2011 წლის მარტში გამოსვლები დაიწყო დერაში, სადაც 100 ათასი მცხოვრებია, მათ შორის მიგრანტებიც. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება დაეწყო, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები, უბრალოდ, დაცხრილა. ამან კი მოსახლეობის გაბრაზება გამოიწვია და ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. 

აქედან დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია, გრძელდება და ლამის მესამე მსოფლიო ომითაც კი ემუქრება სამყაროს. 

სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომი მთლიანად მოიცავდა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ პრობლემებსა და უკმაყოფილებას. 

არადა ხელისუფლებას შეეძლო, წყლის რეზერვები ზღვის გამოყენებით შეევსო და ამის ტექნოლოგიები, როგორც ანალიტიკოსები წერენ, ცნობილია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს.