„როცა ქალის მორგებას ცდილობ, ის კი არ გიყვარს, შენი ოცნების ქალი გიყვარს მასში“ - თამთა შედანია ყოფილ ქმარზე, კარიერაზე და ახალ გამოწვევაზე - exclusive

12:13 04-16-2018
1667

23 აპრილს „მხოლოდ ქართული“ ლაივ კონცერტებს იწყებს „რუსთავი 2“-ის ეთერში. „მის საქართველო“ თამთა შედანია მეგაშოუში გამოჩნდება. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თამთა წამყვანის ამპლუას მოირგებს. ცნობილ ქართველ მოდელთან „პრაიმტაიმმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

– ძალიან მიხარია, რომ „მხოლოდ ქართულს“ შემოვუერთდი. ახალი პროექტია და ჩემთვისაც სიახლეა ტელეწამყვანობა. შემოთავაზება რომ მივიღე, ცოტა ვინერვიულე. ძალიან კარგი და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. მაქვს შანსი, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია. ახლა აქტიურად გავდივართ მოსამზადებელ პროცესს, ლაივებამდე. 

– რა პროცესია ეს, რაში მეცადინეობ?

– ტექნიკურ ნიუანსებს გავდივართ. მოგეხსენებათ, პირდაპირ ეთერში ჩართვა არ არის იოლი. ურთიერთობა ერთდროულად მექნება მაყურებელთან, პროდიუსერთან. 

– როგორ გგონია, რამდენად გაართმევ თავს, ნერვიულობ?

– რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. ეს ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ვემზადებით იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები იყოს. ჩემი მთავარი ფუნქცია გულშემატკივრებთან ერთად ყოფნაა „ავერსის“ ოთახში. ვეცდებით, კონკურსანტები სცენაზე გამოსვლამდე მაქსიმალურად გავამხნევოთ. 

– თავად რა დამოკიდებულება გაქვს სიმღერასთან?

– არ ვმღერი, არ მაქვს შესაბამისი მონაცემები, თუმცა, მიმაჩნია, რომ კარგი მსმენელი ვარ. 

– სამაგიეროდ დიდი გამოცდილება გაქვს კამერასთან მუშაობის, იქიდან გამომდინარე, რომ მოდელი ხარ...

– ამიტომაც ვფიქრობდი, რომ მარტივი იქნებოდა ჩემთვის ტელეწამყვანობა, მაგრამ არ ყოფილა იოლი. რესპონდენტობა სხვაა, ტელეწამყვანობა გაცილებით რთულია. შენ მიგყავს პროცესი და მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. ბევრი რამ ვისწავლე პირველი დღიდან დღემდე და კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. კარგად გამომდის ყველაფერი, რასაც მავალებენ და მეც მაქსიმუმს ვდებ ჩემი შესაძლებლობების. 

– როდის იწყება ლაივ კონცერტები?

– 23 აპრილს ვიწყებთ და მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. 

– შენს კარიერაზეც გვიამბე. როგორც ვიცი, ადრეული ასაკიდან დაიწყო შენი სამოდელო კარიერა...

– 14 წლის ასაკში დავიწყე სამოდელო კარიერა. კონტრაქტებით ვიმოგზაურე ევროპის ქვეყნებში, წარმატებულ და ცნობილ სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი. შემდეგ გადავედი ამერიკაში. ამერიკიდან – აზიაში, სადაც ყველა დიდ ქალაქში ვმუშაობდი. სამი წელი ჰონკონგში ვცხოვრობდი. პიარმენეჯმენტი იქ შევისწავლე, დავამთავრე ბრიტანულ-ამერიკული ინსტიტუტი. 2012 წელს დავბრუნდი საქართველოში. სწორედ ამ პერიოდში მამას უბედური შემთხვევის გამო ვეღარ წავედი შემდეგ კონტრაქტზე და დავრჩი საქართველოში. დავიწყე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნულ დეპარტამენტში. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი. გავაკეთეთ ორი დიდი ივენთი საზღვარგარეთ: ლონდონსა და ბერლინში. პარალელურად მონაწილეობა მივიღე „მის საქართველოში“ და გავხდი „მის საქართველო 2012“. გავემგზავრე „მის სამყაროზე“ და ვინაიდან შემდეგ წელს არ ჩატარდა „მის საქართველო“, მე გავფრინდი „მის მსოფლიოზე“. 2013 წლის შემდეგ „იმიჯ ცენტრთან“ შევწყვიტე კონტრაქტი და დამოუკიდებლად გავაგრძელე სამოდელო კარიერა. შემდეგ შვილი გამიჩნდა და პაუზა მქონდა სამოდელო კარიერაში. პატარ-პატარა გასვლები მქონდა მაინც. ვიყავი რომში მოდის კვირეულზე, ამერიკაში, ნიუ-იორკში... ახლა უკვე წელიწად-ნახევარია არსად არ წავსულვარ. დავიწყე ვიზაჟის გაკეთება. საფრანგეთში ძალიან კარგი განათლება მივიღე ამ კუთხით და თბილისში ერთ-ერთ სალონთან ვთანამშრომლობდი გარკვეული პერიოდი. პარალელურად ველოდებოდი შემდეგ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში. რაიმე საინტერესო შემოთავაზებას და „რუსთავი 2“-იც გამოჩნდა. 

– მამა ახსენე, გვიამბობ, რა მოხდა?

– მაშინ 22 წლის ვიყავი. სახლში რემონტი გვქონდა. „ბარგალკის“ ქვა გასკდა და მამას თავის ქალა დაუზიანა. 17 ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს ვმუშაობდი, დილით მამასთან მივდიოდი საავადმყოფოში, კონტეინერებით მიმქონდა საჭმელი და მერე სამსახურში... ძალიან ცუდად მახსოვს ეს ყველაფერი. 

– პირად ცხოვრებაზეც გვიამბე. ერთხელ იყავი ქორწინებაში...

– კი, ვიყავი გათხოვილი. 4 წლის შვილი მყავს, ნია მანგოშვილი. დაშორების მიზეზებზე არ ვსაუბრობ. არ მიმაჩნია სწორად. არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, არ მეამაყება. არ ვნანობ ჩემს ნაბიჯს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი მყავს ამ ქორწინებიდან. მაგრამ ვნანობ ბევრ რამეს. ჩემ მიერ გადადგმული ბავშვური ნაბიჯები ნამდვილად არ მეამაყება.

– რამდენი წლის იყავი, რომ გათხოვდი?

– 20 წლის. არც ისე პატარა ასაკია, მაგრამ ავჩქარდი... ახლა არაფერი არ ხდება. არავისთან არ მაქვს ურთიერთობა. მარტოხელა დედა ვარ. შვილი მინაზღაურებს ამ დანაკლისს. მეორედ, ალბათ, ძალიან ბევრს ვიფიქრებ.

– უფრო კრიტიკული გახდი საწინააღმდეგო სქესის მიმართ?

– კი, ამიტომაც ვარ მარტო. 

– იმედგაცრუება იყო?

– უფრო გაკვეთილი, გამოცდილება. მხოლოდ შეყვარებული ქალის თვალით არ უნდა შეხედო ურთიერთობას და ასეთივე განწყობით არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. კარგია სიყვარული, მაგრამ ამასთანავე პრაგმატულად უნდა იაზროვნო, მომავალზე იფიქრო. 

– აბა, სიყვარული ბრმააო...

– ბრმა რომაა, ფაქტიც სახეზეა, რაც დამემართა (იცინის).

– და რატომ გამორიცხავ, რომ კიდევ „დაბრმავდე“?

– იმხელა გამოცდილება მივიღე, გონებას უფრო ვენდობი, ვიდრე გულს.

– გაციებულხარ...

– კი. კარგი მაგალითი მივიღე. 

– ახლა რა არის შენი მთავარი კრიტერიუმები მამაკაცის შეფასებისას?

– ახლა ურთიერთობებზე არ ვფიქრობ. ლამაზ ქალს ყოველთვის ჰყავს თაყვანისმცემელი, მაგრამ... მინდა ახლა მეტი დრო საკუთარ თავს დავუთმო, არავის ვუშვებ ახლოს. თუ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც ამ ჩაკეტილობის გასაღებს იპოვის... მთავარია, ვუყვარდე, პატივს მცემდეს, დამაფასოს ისეთი, როგორიც ვარ. 

– ცდილობდნენ შენს შეცვლას?

– როგორ გითხრათ, ადამიანთან ურთიერთობას რომ იწყებ, მის აზრსაც ითვალისწინებ. ყველას თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ, თუ პიროვნულად შენს შეცვლას ცდილობს, იმას ნიშნავს, რომ ვერ მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ. 

– აზიატი მამაკაცი გაშინებს?

– კი. გარკვეული დოზით კაცს უნდა ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მაგრამ ეს შეხედულებები მის გვერდით მყოფ ქალს განვითარებაში არ უნდა უშლიდეს ხელს. როცა ქალის მორგებას ცდილობ, იქ ინდივიდუალიზმი იკარგება. შენ ის კი არ გიყვარს, შენი ოცნების ქალი გიყვარს მასში. 

– იცვლებიან ადამიანები?

– თუ სუსტია, იცვლებიან, მარტივად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ.

– შენ ძლიერი ხარ?

– კი. მე შეიძლება გავითვალისწინო გარკვეული საკითხები, არ გავაკეთო ის, რასაც თავისუფალი ქალი გააკეთებს და ამით პატივი ვცე ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს, მაგრამ შეცვლით ვერ შევიცვლები.

– შენი პროფესია თუ ყოფილა მიუღებელი რომელიმე შენი თაყვანისმცემლისთვის...

– ასეთი არ მახსენდება. ჩემი ყოფილი ქმარიც მაქსიმალურად მიწყობდა ხელს ამ კუთხით. თვითონ არ ვაკეთებდი ისეთ რამეს, რაც შეიძლებოდა მისთვის მიუღებელი ყოფილიყო. არიან მოდელები, რომლებიც პოდიუმზე ან ფოტოსესიის დროს შიშვლდებიან. ჩემთვის ეს მიუღებელია. ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჯინსის რეკლამა უნდა გამეკეთებინა საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს მიხდიდნენ, უნდა ვყოფილიყავი წელს ზემოთ შიშველი, მაგრამ არ დავთანხმდი. მე თვითონ არ მინდა ჩემი შიშველი ფოტოები გავრცელდეს. ფულის გამო, ჩემს პრინციპებზე უარს ვერ ვიტყვი.

– ძალიან ლამაზი ხარ. პლასტიკური ქირურგიისთვის თუ მიგიმართავს.

– ორსულობის ბოლო ორ თვეში სუნთქვის პრობლემა მქონდა. ბავშვობაში ცხვირი მქონდა გატეხილი, რომელიც ვიზუალურად ისე არ მეტყობოდა, მაგრამ ორსულობისას პრობლემებმა იჩინა თავი. ამიტომ ბავშვის გაჩენიდან მალევე გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ არა პლასტიკური. ყველას ჰგონია, რომ პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მეკითხებიან, ვისთან გაიკეთეო (იცინის)... სხვა არაფერი გამიკეთებია. ვვარჯიშობ ინტენსიურად, ვიკვებები სწორად და შინაგანად ვარ ძალიან ბედნიერი და, ალბათ, ეს არის კიდევ ჩემი სილამაზის განმაპირობებელი ფაქტორი.

– იმედს ვიტოვებ, რომ შენი შინაგანი ბედნიერება და გარეგნული სილამაზე მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნის. წარმატებას გისურვებ.

– დიდი მადლობა.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი