ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს მეორე სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს ეს უბედური შემთხვევა იყო საფუძველს არის მოკლებული, რადგან ბრალდებული მომხდარის გამო სინდიდის ქენჯნას არ განიცდის და ქმედებაც თვითიმედოვნებით ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ლიპარტელიანს წინდახედულობის ნორმების დაცვა შეეძლო. ასევე, შეეძლო შეეფასებინა რელიეფი, დახრილობა და ა.შ, რადგან იგი თავადაც კარგად ფლობდა თხილამურებზე სრიალის ტექნიკას.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ლიპარტელიანმა იცოდა, რომ აღნიშნულ ტრასაზე 10-12 კაციანი ბავშვებისგან შემდგარი ჯგუფი ვარჯიშობდა წესების სრული დაცვით, სპეციალური ზედა სამოსით, ჩაფხუტითა და ხელჯოხებით. ამინდი იყო კარგი და იმ ტერიტორიაზე არც ქვებია, არც ნარგავები და არც სპეციალური ნაგებობები.
ხოლო დაცვის მხარის პოზიციით მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლიპარტელიანი ნასვამი არ იყო. ხოლო სიჩქარის განსაზღვრის ნორმებზე რეგულაციები არ არსებობს. ასევე, ლიპარტელიანს წინდაუხედაობა არ გამოუჩენია, რადგან იგი წინასწარ არავის გაუფრთხილებია, რომ აღნიშნულ ტრასაზე ჯგუფი ვარჯიშობდა. ბრალდებული კარგად ფლობდა სრიალის ტექნიკას ხელჯოხების გარეშეც. მარჯვენა ფეხზე იგრძნო ბიძგი, რის შედეგადაც წაიქცა, თავი დაარტყა და მეტი არაფერი ახსოვს და გონზე სახლში მიყვანის შემდეგ მოვიდა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს პროცესიც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახალი მტკიცებულებების განხილვის მიზნით, სხდომა 25 აპრილს 13:00-ზე გადაიდო.
რაც შეეხება ახალ მტკიცებულებებს, პროკურორმა პროცესზე უცხო ქვეყანაში მომხდარი პრეცედენტის ქეისი მოიყვანა მაგალითად, სადაც ანალოგიურ სიტუაციაში ბრალდებული გაამტყუნეს და სასჯელი მოახდევინეს.
დარბაზში პროცესი შიგადაშიგ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დროდადრო ტატიშვილის ახლობლები სასამართლო დარბაზს ტოვებდნენ. ისინი დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ სიტყვას აპროტესტებდნენ. დარბაზი დატოვა გარდაცვილი სალომე ტატიშვილის მამამაც. მან ადვოკატს გასვლამდე ასე მიმართა: „შენ ჩვენს გვარს რომ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე“.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურის ერთ-ერთ ტრასაზე შეეჯახა, შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულის მშობლების განმარტებით ლიპარტელიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ამან გამოიწვია. სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ლიპარტელიანის მიმართ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, გამამართლებებლი განაჩენი დააყენა. ოჯახმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ნინო რაზმაძე