"ორი მკვლელი გარეთ დადის" - ზაზა სარალიძე

16:15 04-17-2018
245

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სხვა დამნაშავეებიც არსებობენ და მოწმეზე ზეგავლენა ხდება:

"უკვე ნათელია, რომ ამ მოწმეზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ ვიღაც-ვიღაცეები. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას, რომ არ გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის. ერთ-ერთი არის უკვე დაკითხული მოწმე. მ.კ. წესით დღეს დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა. თუმცა ამაზე პროკურატურისგან რეაგირებას ვერ ვხედავ და გამოდის რომ მას ხელს აფარებს" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებეთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - 2 დეკემბერს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: