"ინფორმაცია დაგვიმალეს..." - პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პრაიმტაიმის" სტატიას ეხმაურება

19:14 04-17-2018
319

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრაიმტაიმის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება პრეზიდენტის მიერ მკვლელობის მცდელობისთვის შეწყალებულ პირს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობდა, რომ საქმე გასაჩივრებული იყო.

ამის შესახებ კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის მოწმე, ბატონი ზარდიაშილის მიერ დაანონსებული, იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელსაც ჰქვია, პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი, რომლის დამკვეთიც არის, როგორც ჩანს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ პარტია „ქართული ოცნება“ და რომელში მონაწილეობასაც, ასევე გულის ტკივილით ვამბობ, რომ ღებულობენ უკვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. დღეს გავრცელებული ინფორმაციაც არის სამწუხარო ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით, იმ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებით, რომელიც არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სხვადახვა უწყებებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული. შეწყალების კომისიამ დამატებით მიმართა, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ამაზეც პასუხი იყო ის, რომ არ იყო გასაჩივრებული და ამ ყველაფრის მერე, ბატონი ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის წესრიგზე, რაც არის ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა დამაზიანებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები, - აცხადებს კოჟორიძე.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, საუბარია 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე. შეწყალებული პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერაც მიმდინარეობს.



ავტორი: ლილუ მიროტაძე