პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ დანაშაულში მხილებული პირის შეწყალებაზე, რომლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერაც მიმდინარეობს, დაზარალებულის - გიორგი უგრეხელიძის მამას, ავთანდილ უგრეხელიძეს საუბარი არ სურს.
როგორც პრაიმტაიმს დაზარალებულის მამამ განუცხადა, ამ თემაზე საუბარი აღარ სურს.
ძლივს დამთავრდა ყველაფერი. ახლიდან აღარ მინდა დაწყება. რა ქვეყანაც ვართ, ის პრეზიდენტიც გვყავს. მეტი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს, - განაცხადა დაზარალებულის მამამ.
საუბარია 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე. სასამართლოში არსებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ნიკოლოზ თ-მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე დანისმაგვარი საგნის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მოქალაქე გიორგი უ-ს. დაზარალებულს ხუთი ჭრილობა თავისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდეგინა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალდებულის დაკავება სამართალდამცავებმა ერთი თვის შემდეგ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობიდან, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლზე გადაკვალიფიცირდა და ნიკოლოზ თ-ს სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის დაწყებამდე პრეზიდენტმა მსჯავრდებული ნიკოლოზ თ. შეიწყალა, რის საფუძველზეც ის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამგომლობა დააკმაყოფილა და ნიკოლოზ თ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, გამოდის, რომ ის იქნება პირველი წინასწარ შეწყალებული მსჯავრდებული.