პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი სახელმწიფო უწყებებს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ ანტიპიარის წარმოებაში ადანაშაულებს.
აბაშიშვილი სამთავრობო უწყებებს მოუწოდებს, დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით.
“იმის ნაცვლად, როცა პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ მაქსიმალურად ყველა ჩართული ყოფილიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტზე. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება.
მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან - არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული.
ფაქტიურად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, თუ ვინმეს კიდევ ვერ წარმოუდგენია რა სურათთან გვაქვს საქმე, მე მგონი, გუშინ ამ არაოფიციალური სტატისტიკის ლეგალურად გასაღების მცდელობა იყო. ვიმეორებ, არავის არ მოუწოდებია ეს სტატისტიკა ჩვენთვის და პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა რას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ინფორმაცია ვიცით, საჭიროა ამის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება, რომ თურმე მკვლელობები ვინმეს სიურპრიზი ჰგონია და კიდევ გვიანონსებენ თუ რა იქნება.
ჯობია, სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ისეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა აბაშიშვილმა.