"ქურდული სამყაროს" წევრებისა და „კანონიერი ქურდების" მიმართ სანქციები მკაცრდება

18:56 04-18-2018
305

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში და „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები კანონიერ ქურდებსა და ქურდულ მენტალიტეტს ბრძოლას უცხადებს. პარლამენტმა კანონზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელა:

„ცვლილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა და ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. კანონპროექტის მიხედვით, არა მხოლოდ მკაცრდება სანქციები "ქურდული სამყაროს" წევრებისა და „კანონიერი ქურდების" მიმართ, არამედ პროექტი ე.წ. კრიმინალურ, „ქურდულ მენტალიტეტს“ შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს. კერძოდ, იმ მენტალიტეტს, რომელიც არის მომავლის, ახალგაზრდების პრობლემა და შემაფერხებელია როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილი განმარტავს, რომ კანონის მიღების შემდეგ არამხოლოდ კანონიერი ქურდები, არამედ ის პირებიც დაისჯებიან, ვინც მათ დავის გადაწყვეტის თხოვნით მიმართავს:

„კანონპროქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ „კანონიერ ქურდებს“ სჯის, არამედ ნებისმიერ იმ პირსაც, რომელიც „ქურდი“ არ არის, მაგრამ მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ მიზნებს ემსახურება. ჩვეულებრივ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც „კანონიერ ქურდს“ მიმართავს და დავის გადაწყვეტას სთხოვს, რაც წესით, სასამართლოს ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა გადაწყდეს" - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ავტორი: