Freedom House-ი საქართველოსთან მიმართებით ანგარიშის გადახედვას არ აპირებს

11:36 04-19-2018
106

Freedom House-ი, უზუსტობების მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებით ანგარიშის გადახედვას არ აპირებს, მათ შორის არც მედიის საკითხებთან დაკავშირებით.

ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციაზე ქართულ მედიას ორგანიზაციის წევრებმა დრო არ დაუთმეს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ანგარიშის ავტორს "იმედმა"ჰკითხა თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით იყო ნათქვამი, თითქოს 2012 წლამდე ტელეკომპანია "იმედი" გაცილებით კრიტიკული იყო მთავრობის მიმართ. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

11 აპრილს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ტენდენცია გაუარესებულია, რის დასტურადაც ორგანიზაციას რამდენიმე მცდარი ფაქტი ჰქონდა მითითებული. მათ შორის ის, რომ თითქოს დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა.

13 აპრილს ორგანიზაციამ თავის ანგარიშში შეცდომა გაასწორა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ადრეულ ვერსიაში არასწორად განაცხადა, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის GPB-ის მეორე არხი დაიხურა, "არხი დღესაც ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Freedom House-ის 11 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშში ასევე წერია, თითქოს 2012 წლამდე ტელეკომპანია „იმედი“ კრიტიკული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლოიალური გახდა მოქმედი ​​​​მთავრობისადმი. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულ ამ ფაქტობრივ შეცდომას მედიაჰოლდინგი „იმედი“ განცხადებით გამოეხმაურა.

Freedom House-ის ანგარიშში „იმედთან“ დაკავშირებით მითითებული მცდარი ფაქტი გასწორებული არ არის.

Freedom House-ის ორგანიზაციის წევრებმა არც საზოგადოებირივი მაუწყებლის ჟურნალისტს მისცა კითხვის დასმის საშუალება. მოდერატორმა ჟურნალისტს განუმარტა, რომ საკითხი უკვე გავლილია და შეხვედრის დასრულების შემდეგ შეუძლია კითხვების დასმა.

 

ავტორი: