"შესაძლოა, ძალადობის პროვოცირება თვითონ ქალმა მოახდინოს...." - რამაზ საყვარელიძე

14:30 04-19-2018
619

ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კვლევები მოწმობს, რომ მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებას ხშირად ახდენს.

ამის შესახებ საყვარელიძემ "პირველი არხის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

"ქალებს უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ძალადობის მაპროვოცირებელი. ეს ფაქტორიც არსებობს, როცა წინააღმდეგობის, ხასიათის, განწყობილების ცვალებადობის გამო, შესაძლოა, ძალადობის პროვოცირება თვითონ ქალმა მოახდინოს. კვლევები მოწმობს, რომ მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებას ხშირად ახდენს. ეს მენტორული საკითხი არ არის, რომ ვინც მოძალადეა, ცუდია, ხოლო ვინც მსხვერპლია, ყოველთვის სწორია. საკითხი მთლიანობაშია შესასწავლიც და მოსაგვარებელიც. ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ურთიერთობა ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ფსიქოლოგის თქმით, ზოგადად, მამაკაცი ძალადობისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი და ამ თვალსაზრისით, უფრო მეტი სამუშაო მამაკაცთან არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სოციალური რეკვიზიტების მატარებლები არიან დამნაშავეები და ფემიციდის შემთხვევები უფრო მეტად ხდება თუ არა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებში, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ძალიან ხშირად, კულტურული ნორმები მდიდარ ადამიანებში უფრო ადვილად არის უგულებელყოფილი, ვიდრე დაბალ ფენაში და ლაპარაკი იმაზე, რომ დაბალი სოციალური ფენა ძალადობას ხელს უწყობს, არასწორია.