პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.
ამის შესახებ აბაშიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სულისკვეთება არის მთავარი და ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა მის ბრიფინგზე. მნიშვნელოვანია პროცესი გაუმჯობესდეს. ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე, რომელიც პროცესს გააუმჯობესებს. აქ იქნება მთელი რიგი მექანიზმები გაწერილი და ამავდროულად მისაღებია პრეზიდენტის ინიციატივა, რომ კომისიის მუშაობაში ჩართული იყოს სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას და პრევენციას ყველა ტიპის სამწუხარო ფაქტებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს. გარკვეული ტიპის ტექნიკური პრობლემები და პროცესის გაუმჯობესებაც სწორედ იმიტომ ხდება, რომ პრობლემები იყოს აღმოფხვრილი, - განაცხადა აბაშიშვილმა.