გუგული მაღრაძე ჭიჭინაძეზე: ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის, ცაციას მარცხენა ხელში კოვზის დაკავებას ვერ დაუშლი

18:03 04-19-2018
162

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე თავისივე გუნდის წევრ დავით ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, სწორედ ის გამონათქვამები, რაც მოისმინა ჭიჭინაძისგან, ცხადყოფს, რომ ეთიკის კოდექსი აუცილებლად არის საჭირო. ხოლო, რაც შეეხება ასაკს, დავით ჭიჭინაძისა და მისი წლოვანება დიდად არ განსხვავდება:

"მსგავსი გამონათქვამები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რასაც პარლამენტის წევრი თავის ქცევაში და გამონათქვამებში უნდა ექვემდებარებოდეს. სწორედ ამიტომ არის ეთიკის კოდექსი საჭირო. ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის, თუმცა, ცაცია თუა ადამიანი, მას ვერ დაუშლი მარცხენა ხელში კოვზის დაკავებას. რაც შეეხება ასაკს, მე და დავით ჭიჭინაძე დიდად ასაკით არ განვსხვავდებით და ასაკობრივი დისკრიმინაციაა ამაზე საუბარი" - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე სამ თანაგუნდელს დაუპირისპირდა და მათ მიმართ მწვავე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით ვანო ზარდიაშვილი "ქართული ოცნებისთვის" შეცდომაა. გუგული მაღრაძე უკვე ასაკშია და ეთიკა და ზრდილობა შეძენილი აქამდე უნდა ჰქონდეს. ეთიკის კოდექსის მიღება კი საჭირო არ არის. ხოლო გია ვოლსკი დაბერდა და ვერ ხვდება რომელი განცხადებაა კორექტული და რომელი არა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია დავით ჭიჭინაძის განცხადებები ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკისა და სხვა კოლეგების მისამართით.

„დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება" - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ავტორი: