ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა სამმხრივი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. კომისიის წევრები არიან მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, მთავრობის და პროფკავშირების წარმომადგენლები. შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
სხდომაზე გადაწყდა, რომ შახტებში არსებულ მდგომარეობას შრომის საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ:
"გადაწყდა, მოწვეულ იქნას საერთაშორისო სტანდარტების კომპანია, რომელიც შეაფასებს რამდენად არის დაცული უსსფრთხოების ნორმები, ზოგადად შახტში რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად ან სრულად იქნას გამორიცხული ფატალური შემთხვევები, ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს ღონისძიებათა ნუსხა, ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი საერთოდ გააგრძელოს საქმიანობა", - განაცხადა ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
შეხვედრის დაწყებამდე გელენიძემ ისიც თქვა, რომ თუ სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება, კომპანია "საქნახშირი" ვერც დროებითი მმართველის დანიშვნას აღუდგება წინ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტყიბულის შახტთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობაზე მეშახტეებს უარი უთხრეს.
ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა და 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში ჯამში 11 მეშახტე დაიღუპა.