ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ იგი არც პროკურორია და არც გამომძიებელი, ამიტომ არგუმენტები არ გააჩნია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ზეწოლა ხდება ყველაზე და სინამდვილეში დაჭრაში მიხეილ კალადიაც მოანწილებოდა, რადგან იგი ჩვენებებს ყოველ ჯერზე ცვლის:
„მე მთხოვეს პირდაპირ, რომ მიმეცა არგუმენტი, რომ დაეკავებინათ ჩემი ვარაუდით დამნაშავე პირები. თუ არგუმენტი მაქვს და საბუთი მაქვს, ესე იგი მე ვარ პროკურორი და გამომძიებელი. კონკრეტულად მაინტერესებდა მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო დაკავებული იმის გამო, რომ პროცესზე ჩვენება შეცვალა. დღესდღეობით, როდესაც უკვე სრულწლოვანია, გადის სასამართლო პროცესზე და ამბობს ბრალდების საწინააღმდეგო ჩვენებას, მეორე პროცესზე უკვე გამოდის და ამბობს დაცვის საწინააღმდეგო ჩვენებას, პირდაპირ მიმყარებს საფუძველს, ვიფიქრო, რომ მიხეილ კალანდია არის ერთ-ერთი დამნაშავე. პირდაპირ მკვლელობაზე მაქვს საუბარი. ზოგი ადასტურებს კალანდიას იქ ყოფნას, ზოგი არა, იმიტომ, რომ ზეწოლა მოახდინეს აბსოლუტურად ყველაზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოკლული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ ამ საქმეს მაინც ბოლომდე მიიყვანს და სიმართლეს ნებისმიერი გზით დაადგენს:
"არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს. დამიჭერენ? დამიჭირონ. მომკლავენ? მომკლან. ვიღაცა მაინც გამოჩნდება, რომ ეს საქმე გააგრძელოს ბოლომდე და მიიყვანოს იმ კონკრეტულ პირებამდე, ვისაც ხელს ადებს თუნდაც პროკურორი, თუნდაც სუბელიანი, თუნდაც კაკუბავა“, – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებეთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - 2 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.