NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ NDI საქართველოში ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდის მომძლავრებასთან დაკავშირებით, კვლევის მიმართულებით მუშაობს და კონსულტაციებს მართავს როგორც უმრავლესობასთან, ასევე, უმცირესობასთან და მათ ეხმარებიან იმ მექანიზმების შემუშავებაში, რაც რუსული პროპაგანდის გავრცელების დაძლევაში დაეხმარება საქართველოს.
უახლოეს მომავალში კი ამ საკითხებზე დიდი კონფერენციის ჩატარებას აანონსებს, სადაც უცხოელი ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები.
"NDI ამ საკითხზე მუშაობს და განსაკუთრებით მუშაობს კვლევის მიმართულებით. კვლევებით ვცდილობთ გავზომოთ, რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას მოსახლეობაზე და ასევე გადაჭრის სხვადასხვა გზების მოძებნას ვცდილობთ. ამ თემაზე ვმუშაობთ როგორც უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან და ვეხმარებით მათ, რომ სხვადასხვა მექანიზმებზე იმუშაონ, თუ როგორ შეიძლება დაძლიონ რუსული პროპაგანდა. უახლოეს მომავალში დიდ კონფერენციას ვგეგმავთ, სადაც ამ საკითხებზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ ის საფრთხეები, რაც პროპაგანდის მიმართულებით არსებობს. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ევროპასა და ამერიკაშიც აქტუალური საკითხია“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტელე-მედიაბაზარზე „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია, თანამგზავრული ტელევიზია „ნტვ პლუსი“, „ნტვ პლუს ჯორჯიას“ სახელწოდებით, მაუწყებლობას იწყებს. „გაზპრომ- მედიის“ მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის თანახმად, „ნტვ პლუსი“ პირველი რუსული ციფრულ-თანამგზავრული ტელეოპერატორია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მაუწყებლობას საკუთარი ბრენდით განახორციელებს. „გაზპრომ-მედიაში“ არ მალავენ, რომ რუსული თანამგზავრული ტელევიზია საქართველოში საქმიანობის დაწყებას სოციალურ მისიად განიხილავს და მას მხოლოდ ბიზნესს არ უკავშირებს. რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების შესაძლო გაზრდა კი საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შემადგენლად აღიქმება. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე -„არა ‘გაზპრომ-მედიის’ შვილობილ ‘ნტვ-პლუსს“.
ნინო რაზმაძე