მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება

10:42 04-22-2018
156

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება.  ჯვართაღმართება კერპთაყვანისმცემლობაზე ქრისტიანობის გამარჯვების ზეიმია.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ ლიტანიობა სამი ჯვრით დაიწყება. სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით  მდინარე არაგვს ნავებით გადაკვეთს და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში, „ქართლის ცხოვრების“ ქვა-სვეტთან შეიკრიბება. აქედან ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე – „ყოველთა ქართველთა გოლგოთაზე“, თხოთის მთაზე – წმ. მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე, და უჯარმაში – სამეფო ქალაქში.

დღესასწაულს საფუძვლად უდევს „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ისტორია, - IV საუკუნეში მომხდარი სასწაული, როდესაც ღვთაებრივი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის მოძრაობის მიხედვით, წმ. ნინომ, წმ.მეფე მირიანმა , წმ.ეპისკოპოსმა იოანემ და მორწმუნე ერმა აღმართეს ჯვრები მცხეთის ჯვარზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, რასაც ქართლში კერპების მსხვრევა და ხალხის მასიური გაქრისტიანება მოჰყვა;  მეფემ კი ორი დღესასწაული დააწესა: „ძლევით შემოსილისა ჯუარისაი“, –  აღდგომიდან მესამე კვირას (ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი  ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის აღსანიშნავად) და „ჯვრის გამოჩინების დღე“, –  სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, როდესაც ჯვრის მონასტრის ადგილზე აღმართული ჯვარი ღვთისგან ზეციური ჯვრით და ანგელოზთა მონაწილეობით იკურთხა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღადგინა ჯვართაღმართების  და ჯვრის გამოჩინების ეს უძველესი დღესასწაულები მისმა უწმინდესობამ ყოველწლიურად, აღდგომიდან მესამე კვირას, დააწესა  ჯვრების აღმართვა მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში და წინა წელს უკვე აღმართული ჯვრების გადაბრძანება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში, როგორც  წმინდა ნინოს დროინდელი „ძლევით შემოსილი ჯვრის “ სიმბოლოების.

წელს ჯვრები გადაბრძანდება : მცხეთის ჯვრიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში; თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში; უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქია

ავტორი: