"რუსთავი 2"-ის საქმე პოლიტიკასთან და არჩევნებთან არაფერ შუაშია, არ ვიცი რაშია პარტიების პოზიცია გამოხატული" - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

15:39 04-22-2018
141

ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოამზადეს წერილი, რომლითაც ევროსასამართლოს მოუწოდეს, რომ ქიბარ ხალვაშისთვის  ტელეკომპანიის კონტროლქვეშ გადაცემა, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხეს შეუქმნის. პრაიმტაიმი ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას ესაუბრა.

ადვოკატი განმარტავს, რომ ეს დავა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია და დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება:

არჩევნები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ხშირად ტარდება და ეს დავა არჩევნებთან არაფერ კავშირშია. ქიბარ ხალვაში არ არის პოლიტიკური მხარე. მას სურს დაიბრუნოს ის, რაც წაართვეს. იგი რა თქმა უნდა დაინტერესებული პირია, რომ მას გადაეცეს ტელევიზია, სწორედ ამიტომ ცდილობს სამართლებრივი გზებით თავისი ინტერესების დაცვას. იგი არ აპირებს არხზე მომუშავე ჟურნალისტს შეუზღუდოს საქმიანობის თავისუფლება - განუცხადა პრაიმტაიმს პაატა სალიამ. 

კითხვაზე, ემუქრება თუ არა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების გაქრობის საფრთხე ქვეყანას, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშის კონტროლქვეშ გადავა ტელევიზია, პაატა სალიამ პრაიმტაიმს ასე უპასუხა:

დემოკრატია ვრცელი თემაა და ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ზუსტად ის არის, რომ თავისუფალი მედია არსებობდეს. თავისუფლებაში კი ვგულისხმობ იმას, რომ არხის მფლობელი სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა და ეს არაერთხელ გვითქვამს. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჟურნალისტებს არავინ განუსაზღვრავს რაზე და ვისთან უნდა ისაუბრონ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიები, საკუთარი განცხადებებით ყოველთვის ცდილობდნენ საკითხის პოლიტიზირებას, თუმცა სტრასბურგის სასამართლო მათ მოსაზრებებს კი არა, არამედ, იმას იხილავს, ჰქონდა  თუ არა მხარეებს შესაძლებლობა, თავიანთი პოზიციები სრულად წარმოეჩინათ სასამართლოში და დაირღვა თუ არა რომელიმე მხარის უფლება:

სტრასბურგის სასამართლო არ იხილავს პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს. სტრასბურგის  სასამართლო იხილავს იმას, თუ რამდენად დაირღვა, თუ არ დაირღვა  მხარეთა უფლებები სამართლიან სასამართლოზე. ჰქონდა  თუ არა მხარეებს შესაძლებლობა, თავიანთი პოზიციები სრულად წარმოეჩინათ სასამართლოში და დაეცვათ თავისი ინტერესები. ამ სამართლებრივი საკითხის პოლიტიზირებას ყოველთვის ცდილობდნენ დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად, პოლიტიკურ ჭრილში მე არ ვიცი, მათ ისაუბრონ რაშია მათი პოზიცია გამოხატული. 

სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს არ იხილავს პოლიტიკურ ჭრილში, იხილავს სამართლებრივ ჭრილში. დღეს რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ამას ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს იმაზე, რა ხდებოდა სასამართლო  დარბაზებში და ჰქონდა თუ არა რუსთავი 2-ს და მისი დღევანდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების  წარმომადგენლებს რაიმე სახით უფლებები შეზღუდული - განუცხადა პრაიმტაიმს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოამზადეს წერილი, რომლითაც ევროსასამართლოს მიმართეს. წერილში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმების და დავის დამთავრებამდე არხის ქიბარ ხალვაშის კონტროლქვეშ გადასვლა არასწორია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დადგება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკურსის გაქრობის საფრთხის წინაშე.

ავტორი: