"მანქანები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გადიან, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხელყოფს" - კახა კალაძე

16:28 04-22-2018
415

თბილისის მერმა „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო.

კახა კალაძემ დედაქალაქის ეკოლოგიაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„48 წელია, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ, თბილისიც არ არის გამონაკლისი.

მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერიის როლი, დედაქალაქის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის როლი. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ არსებული პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა, გამწვანება, სკვერები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია, რაც გვაქვს იმას რეაბილიტირება სჭირდება" - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა იმ მანქანების მავნებლობას, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გადიან და გარემოს აბინძურებენ, ასევე, ყველას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს:

„პირველი იანვრიდან უკვე მიმდინარეობს ტექდათვალიერება კერძო ავტომობილებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ეს პროცესები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით. მძიმე თემაა, რადგან ბევრი ავტომობილი, რომელიც მოძრაობს არა მხოლოდ დედაქალაქში, ზოგადად, ქვეყანაში, ვერ გაივლის ტექდათვალიერების იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროპულია. ზუსტად ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი არის პრობლემა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობას ხელყოფს. ეს სერიოზული პრობლემაა. პირველი ივლისიდან იწყება სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების ტექდათვალიერება და ერთიანად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მოწესრიგებას" - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: