ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, აქციას: „ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი“ გამართავს

16:34 04-22-2018
336

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისში აქცია „ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი“ გაიმართება. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

ზაზა სარალიძის თქმით, აქცია 24 აპრილს იგეგმება. ამავე დღეს, 10:30 საათზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება.

საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად 11:00 საათზე დაიწყება. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ კონფლიქტში მონაწილე სხვა მოზარდებიც. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ავტორი: