ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პრეპარატ „ლირიკის“ გამო სასჯელი გამკაცრდა, მისი რეალიზატორი უკვე შესაძლებელია ციხეში მოხვდეს. „ლირიკას“, რომელიც ინსულტის შემთხვევაში ენიშნება პაციენტს, ბოლო პერიოდში არასამედიცინო დანიშნულებით მოიხმარენ ადამიანები. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ლირიკისა“ და მისი ანალოგების გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებას. ამის შესახებ JAMnews-ი წერს.
სასჯელის გამკაცრებამდე, გავრცელებისა და მოხმარებისთვის კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრებოდათ, ჯარიმა კი, „ლირიკის“ ტაბლეტების რაოდენობის მიხედვით, 15-დან 150 დოლარს შორის მერყეობდა.
„ლირიკა ჩვენთან ჩრდილოეთი კავკასიიდან შემოდის. სამწუხაროდ, საბაჟოზე ნარკოტიკების გამოსავლენად საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები „ლირიკაზე“ კვალს ვერ იღებენ, და ამ პრეპარატის დიდი პარტიის შემოტანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუკი გავრცელების ფაქტზე დაიჭერენ ადამიანს, რომელსაც, ვთქვათ, 1-2 ტაბლეტი აღმოაჩნდება, მას ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება; პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, თუ რამდენჯერ არის ესა თუ ის ეს ადამიანი გავრცელებაში შემჩნეული“, – ამბობს დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრ პლიევი.