ქალებზე ძალადობისა და მკლელობების საგანგაშო სტატისტიკა - „მეგონა, ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიცვლებოდა, მაგრამ ამის შემდეგ უფრო ძალადობდა“

09:52 04-23-2018
355

ავტორი:  ეკა პატარაია 

1999 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალებზე ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რათა საზოგადოება კარგად გაეთვითცნობიერებინა ქალების უფლებების დარღვევებზე. ოჯახში მამაკაცის მიერ ქალზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა და ფემიციდი (რომელიც ყველაზე გავრცელებული განმარტებით, მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობას ნიშნავს, იმიტომ რომ ისინი ქალები არიან) კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. ევროპის საბჭოს მონაცემებით, ყოველი ოთხი ევროპელი ქალიდან ერთი მთელი სიცოცხლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. საქართველოში ქალებზე ძალადობის სტატისტიკა უკვე ძალიან შემაშფოთებელია. ორ წელიწადში 40 ქალია მოკლული. მიუხედავად ამისა და კიდევ იმისა, რომ იურისტები, ქალთა უფლებადამცველები, ყველა მუდმივად ამაზე საუბრობს, პარლამენტმა გენდერული ნიშნით ქალის განზრახ მკვლელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის მუხლის დამატებას მხარი არ დაუჭირა. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში წერია: მუხლი 2. ა) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივნისიდან); ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისთვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივნისიდან);  

2017 წელს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება; სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტის შემუშავება, რაც, საერთო ჯამში, ხელს უშლის პრობლემის შეფასებას და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების/სერვისების დაგეგმვასა და განხორციელებას; კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ჩართვის პრობლემა;  აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება შემთხვევაზე რეაგირებისას რისკის შეფასება, მსხვერპლის დაცვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმეთა შესწავლისა და ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, განათლების არმქონე ქალებზე, მარტოხელა ქალებზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებზე, ხანდაზმულ პირებსა და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში ან/და შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ/მსახურობენ. 

ფემიციდი/ ქალთა მკვლელობები:

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით 14 ფაქტზე) და ქალთა მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით – 12 ფაქტზე); გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტზეც; 

სახალხო დამცველის აპარატის კომენტარი ასეთია: 

– პირველ რიგში, პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია, რომ გასულ წელს განხორციელდა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რამაც მეტად ხელმისაწვდომი და ეფექტური გადახადა რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების რაოდენობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც სხვა საქმეებთან ერთად პასუხისმგებელია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. სამწუხაროდ, ამ დრომდე უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ძალადობის პრევენცია და შემთხვევის მართვა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები აჩვენებს, სამართალდამცავ უწყებაში ძალადობის შესახებ შეტყობინების შემდგომ არ ხორციელდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამართალდამცავი უწყების მიერ ოჯახში ძალადობის სისტემატური და განგრძობითი ხასიათი რიგ შემთხვევებში გათვალისწინებული არ არის და მსხვერპლის მიერ განხორციელებული თითოეული მიმართვა ცალკე აღებულ შემთხვევად განიხილება. ბუნებრივია, ძალადობის პრევენციის საკითხში მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ვერ იქნება საკმარისი, აუცილებელია, პრაქტიკაში დაინერგოს მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლება, ასევე გაძლიერდეს მსხვერპლის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, გააქტიურდეს სოციალური სამსახური ძალადობის შემთხვევის შესწავლის პროცესში.

რაც შეეხება შემაკავებელი და დამცავი ორდერების ეფექტურობას, აღნიშნული ინსტრუმენტები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებია და ეფექტურია, როდესაც ის სწორად გამოიცემა და მისი პირობების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლს საფრთხე ემუქრება, მსხვერპლის დაცვისთვის აუცილებელია სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. მიგვაჩნია, რომ პრობლემურია არა არსებული რეგულაციები, არამედ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაცია: ძალადობის სწორად იდენტიფიცირება, რისკების სათანადოდ შეფასება.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ინტერვიუს „სოლიდარობის სახლის“ ერთ-ერთ ბენეფიციართან:

*** 

– 14 წლისა გავთხოვდი, მერვე კლასში ვიყავი. ყვარელიდან მაღალმთიან აჭარაში, ძალიან დიდ, მრავალშვილიან ოჯახში მოვხვდი. ჩემმა მეუღლემ მალევე დაიწყო ჩემ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. თხუთმეტი წლის ასაკში შემეძინა პირველი შვილი. ვინაიდან ჩემი მეუღლე უკვე ჯარში იყო, დედამთილმა და მაზლმა სამშობიაროდ დედასთან ჩამიყვანეს, რადგან, მათი წესით, ქმრის ოჯახში ქალები მშობლების ბინაზე მშობიარობდნენ. როცა ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ ქმარი ჩემზე ძალადობდა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო, ქმრის ოჯახში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქმარს წავყევი. მეგონა, ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიცვლებოდა, მაგრამ ამის შემდეგ უფრო  ძალადობდა. ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, ოჯახიდან გაქცევა... მალე ისევ დავფეხმძიმდი. ჩვიდმეტი წლის ასაკში გავხდი ორი შვილის დედა. ასე მიდიოდა ჩემი ცხოვრება. შემდეგ სოფლიდან ქალაქში (ბათუმში) წამოვედით საცხოვრებლად. ძალიან გვიჭირდა. თვრამეტი წელი ვცხოვრობდით ქირით, თითქმის ყველამ იცოდა ჩემი ოჯახის მდგომარეობა. ვამჩნევდი, რომ არ გამოსწორდებოდა, აღარ მინდოდა გაჩენა, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ოცდასამი წლის ასაკში მესამე შვილი შემეძინა. 

– რატომ? ხომ ხედავდით, რომ გამოუსწორებელი მდგომარეობა გქონდათ ოჯახში?    

– არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. ამის მერე ორჯერ წამოვედი სახლიდან. თავს არ მანებებდა. ჩემი შვილები ჯოჯოხეთში ვაცხოვრე. ძალადობდა ბავშვებზეც. ერთი შვილი, მეოთხე კლასში იყო, სახლიდან გაიქცა და წერილი დატოვა: მე კარგად ვარ, დედა, არ ინერვიულო არაფერზე, არ მოვიპარავ, ცუდ რამეს არ გავაკეთებ, დიდი გავიზრდები და ბოროტ მამაჩემს ვაზღვევინებ შენი ცემისთვისო. ორი დღის ძებნის შემდეგ ბავშვი ვიპოვეთ. იგივე დაიწყო მეორე შვილმაც. ბავშვები ვერ ჩერდებოდნენ სახლში. ცოტა რომ გაიზარდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ მამამისს, როცა ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა. მერე უკვე შვილებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად, ერთხელ ისე ცემა უფროსი, თუ გადარჩებოდა, არ მეგონა, რეანიმაციაში მეწვა. სულ პატარა, სახლში რომ არ მოდიოდა, ცუდ წრეს გადაეყარა, ქურდ ბავშვებთან ერთად კოკა-კოლასა და ასეთ რაღაცებს იპარავდა, არადა ამ დროს ისე აღარ გვიჭირდა, სახლი გავარემონტეთ ბათუმში, ასე თუ ისე, ვცხოვრობდით. პოლიციას მივმართე დასახმარებლად, როგორმე ცუდი გარემოსთვის რომ ჩამომეშორებინა, მაგრამ, როცა სახლში ვაბრუნებდი, ფიზიკურად უსწორდებოდა, ისევ გარბოდა... გავიდა წლები. ოჯახში რძალი შემოვიდა. იგივე  გაგრძელდა. ყველაფერს, ამ ცემას, კივილ-წივილს ახლა უკვე რძალი და შვილიშვილებიც უყურებდნენ. ძლიერი სტრესის შედეგად დამემართა დიაბეტი. სანამ საბოლოოდ წამოვიდოდი, სასტიკად გამისწორდა. სააბაზანოში ვიყავი, შემომივარდა და იატაკის ჯოხით მცემა, გალურჯებული ვიყავი. მერე სახლში ჩამიკეტა, რომ არ გავქცეულიყავი. რძალმა ბავშვები ოთახში გაიყვანა და ჩაიკეტა, სასწრაფოდ დაურეკა ჩემს შვილს. სანამ ის მოვიდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ძლივს ვსუნთქავდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ოჯახიდან წამოვსულიყავი. დაიღალნენ შვილები ჩემი ცემა-ტყეპის ყურებით და ჩხუბით. შვილები, ყველანი, იქ დარჩნენ. მუშაობენ. მივმართე სოციალურ სამსახურს, რომ მუდმივად იყოს ჩემს ოჯახში მონიტორინგი. სოცმუშაკები, გამომძიებლები სულ მეკონტაქტებიან, მათგან ვიგებ ამბებს, შვილებთან ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო საუბარი. ისე მცემდა, ვხრიალებდი, ყველგან ჩემი სისხლი ეწვეთა. მისი მშობლებიც ასე იყვნენ. ვხედავდი, ჩემი მამამთილი როგორ სცემდა ჩემს დედამთილს. ქმრის ოჯახი ჩემს მხარეს იყო. კარგი, განათლებული მაზლები მყავს. 

ყველა ქალს ვურჩევ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მალე გაერიდონ, ნუ დაღუპავენ საკუთარ თავს და შვილებს. ნუ დაუმახინჯებთ შვილებს ცხოვრებას. ყველაზე მეტად შვილები ზარალდებიან. მეც და ჩემს შვილებსაც გვეცოდებოდა, არ გვინდოდა ციხეში ჩასმა. პოლიციას ვთხოვდი, უბრალოდ, ხელწერილი დაეწერინებინათ მისთვის, რომ ფიზიკურად არ შემხებოდა. დააწერინეს, მაგრამ იგივე ხდებოდა.