ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
საარჩევნო წელი დადგა მაგრამ მარათონი ჯერ არა და არ იხსნება. ერთადერთი შალვა ნათელაშვილი და სანდრო ბრეგაძე დგანან საარჩევნო რინგზე. ისინიც ერთმანეთში კონკურენტებს ვერ ხედავენ ამიტომაც ერთმანეთის მიმართ გულგრილობას იჩენენ. ნინო ბურჯანაძემ ჯერ მხოლოდ დააანონსა, რომ აპირებს, თუმცა, თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია.
მთავარი პოლიტიკური ძალები კოზირებს არ ჩამოდიან. ასეთი ვითარების მიუხედავად ექსპერტების მოსაზრებით ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. პრემიერმა კვირიკაშვილმა დარწმუნებით თქვა, რომ მათ ღირსეული კანდიდატი ეყოლებათ.
„შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი. დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მმართველი პარტია კანდიდატურას ივნისში ყრილობაზე დაასახელებს.
მანამდე დუმილის უფლებით ისარგებლებს პრეზიდენტი მარგველაშვილიც. მაისის დასაწყისში ის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება. ექსპერტების თქმით, მარგველაშვილი პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების თემას, სავარაუდოდ, არ შეეხება.
ის ელოდება საერთაშორისო კვლევის შედეგებს, რომელიც უკვე მალე გამოქვეყნდება, და „ქართული ოცნების“ კანდიდატის ვინაობას. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას – ან სახლში წავა ან პოლიტიკაში დარჩება.
ოპოზიცია ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. მათ ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვრონ.
თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ უთხრეს, ეს ვითარება ახლა აწყობს ყველას. კანდიდატების დასახელება არ ხდება მხოლოდ ფინანსების ნაკლებობის გამო.
„მთავარი პრობლემა უფულობაა, ოპოზიცია კამპანიას ვერ იწყებს“, – ამბობს ჩვენთან საუბარში წყარო.
ასე რომ, რაც უფრო გვიან მოხდება კანდიდატების დასახელება, მით უფრო გვიან გაიხსენა მარათონი და მით უფრო მცირე დრო ექნება ოპოზიციას მწირი ფინანსების დასახარჯად.