„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი გამოწვევა რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მძიმეა, რუსეთი კი მაინც აგრესიულად მოქმედებს, რაზეც, საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს და რუსეთს უნდა დაანახოს, რომ მისი პოლიტიკა სრულიად მიუღებელია:
"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ახლაც, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის თავის სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად. საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე. მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისთვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია" - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის საწინდარი რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა.
„წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.