"აუცილებელია, ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან" - ირაკლი კობახიძე

11:34 04-23-2018
109

"საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სემინარზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიც ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა.ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამ ტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება.  შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებული განვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტური სტაბილიზაციისა. ნაცრისფერმა ზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც და მოწინააღმდეგეებმაც და მიიღონ შესაბამისი ზომები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ, შიდა სირთულეების მიუხედავად, გაფართოებისგან თავი არ უნდა შეიკავონ. მისი შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს.

„ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.

არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქვეყანას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ეწვია. სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

მონაწილეები სამი დღის განმავლობაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. იმსჯელებენ ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, პერსპექტივებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

 

ავტორი: